ნიკო
ფიროსმანი


ხალხში მოხსენიებული, როგორც ნიკალა
(1862-1918)

ცნობები ფიროსმანის ცხოვრების შესახებ უმეტესად შეკრებილია მისი გარდაცვალების შემდეგ.
დაიბადა გლეხის ოჯახში, რომელიც ადრევე გადასახლდა შულავერში. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად. ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია.
1880-იან წლებში თვითნასწავლ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს იღებდა.
  1890-1894 კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე, შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი.
XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი. თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი საფლავიც უცნობი დარჩა.