3D Gallery


lika_sharashidze.jpg

ლიკა შარაშიძე

ავტორის შესახებ

1 ოთახი

2 ოთახი

ლიკა შარაშიძე

"ლიკო შარაშიძის გრაფიკა საინტერესოა და დამაფიქრებელი, ადამიანთა ხასიათების გამოვლენის და მათი აზროვნების, მათი ფიქრების დადგენის, ასევე ესთეტიკის თვალსაზრისით. სურათებზე კარგად ჩანს, რომ მათი მყარი საფუძველი მხატვრის შინაგანი განცდაა, უფრო სწორად კი ამ განცდების ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური ინტერპრეტაციაა, რომლებიც ახალგაზრდა გოგონას ღრმა აზროვნებასა და სამყაროს მისეულ აღქმას და შემეცნებას ავლენს, ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციაში რომ დაუფლებია. მისი ლირიკულ-მელანქოლიური სურათების გმირი, ძირითადად ადამიანია, უფრო სწორად კი ადამიანის ემოციაა, რომელიც სახასიათო თავისებურებებით, ხან რეალისტურ, ხან კი უტრირებულ ფორმებში მეტყველად ვლინდება. ხშირად ეს ემოცია მრავალსახოვანია, ალბათ ავტორი ერთი ადამიანის ამა თუ იმ მოვლენის მიმართ არაეთგვაროვანი დამოკიდებულების გამოვლენას ცდილობს. მაგალითად ისე, როგორც ხშირად გვემართება თან გვეცინება, თან გვეტირება, თან ვბრაზობთ და თან გვიხარია. ამგვარ მხატვრულ სახეებზე ისიც ისახება, როდესაც ადამიანი “ტვინს იჭყლეტს”, რომელი განცდა უფრო ადეკვატურია, ანუ მის გონებაში ღრმა და საფუძვლიანი ანალიზი კეთდება გავლენებისგან დამოუკიდებელი საკუთარი დამოკიდებულების “აღმოსაჩენად”. ლიკოს გრაფიკულ სურათებზე, უმეტესად, სწორედ ამგვარი აზროვნების პროცესია აღბეჭდილი, რაც მისი სურათების გამორჩეულობას, მის ინდივიდუალიზმს განსაზღვრავს. მოქნილი ხაზი, ემოციის გამაძლიერებე ლი ფერი, ფორმათა დახვეწილი ურთიერთმიმართება, რაც დეტალებით დატვირთულ სურათებში მთავარის დანახვის შესაძლებლობას იძლევა, მთლიანობაში მეტყველ და ექპრესიულ, ჩუმი ირონიით გამსჭვალულ კომპოზიციებს ქმნის. როდესაც ლიკოს სურათებს ხედავ, ისინი, თითქოს რაღაცას გაგონებენ, აქამდე უკვე შექმნილს, მაგრამ ახლებურად, მისეულად გააზრებულს და განსხვავებულად წარმოჩენილს. ლიკო შარაშიძის შემოქმედებაში ჩანს მისი ინტელექტი, მისი აზროვნების თავისებურება. იგი თავისი ეპოქის ადამიანია, ცხოვრების ტემპით, რიტმით, რთული და ურთიერთდაკავშირებული, ურთიერთიდან გამომდინარე აზრების მდინარებით, რაც მხატვრის ხელწერაში, გამოსახვის ფორმაში იკვეთება. ლიკო შარაშიძე ბავშვობაში ჩემი მოსწავლე იყო. სხვათაგან განსხვავებული, ღრმა და განცდისმიერი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ მის შემოქმედებით ნატურას ყიველთვის გამოარჩევდა. დღეს მის მხატვრობაში ეს გამორჩეულობა და ძლიერი, ემოციით გაჯერებული მხატვრული აზროვნება, უკვე საინტერესო შემოქმედებაში განსხეულდა.          ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი: ნინო ხუნდაძე


კონტაქტი ავტორთან:   sharashidze.lika97@gmail.com     FB Liko Sharashidze